ახალი ინსტრუმენტი მედიკოსებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააცნო.
„ჩვენი მსჯელობის მთავარი ამოცანაა, განვიხილოთ პრობლემა რასაც სამედიცინო ენაზე პოლიფარმაცია, ჩვეულებრივ ენაზე კი საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემა ჰქვია. ეს ჩართულობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ უარყოფითი შედეგები მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას თქმით, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები.
„ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება გადაამოწმოს ექიმის დანიშნულება. თუ ექიმის მიერ გაცემული პასუხი მისთვის არ იქნება კომპეტენტური და დამაკმაყოფილებელი, მას შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის პროგრამაში, რომელიც არის ჯანდაცვის პორტალზე განთავსებული. იქვე გაჩნდა ადგილი, სადაც პაციენტს ამ დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. ღილაკზე დაჭერით ეს დანიშნულება პირდაპირ მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე განხილვისთვის. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება“, - განმარტა მაია ლაგვილავამ.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.